ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა.
ტრადიციულად, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და საპატიო ქედელები დააჯილდოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.
გამოფენილია ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონანტები. ასევე, ქსოვის,რეწვის, ხეზე კვეთის, ფოლკლორული ნიმუშები.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე გაეცნონ ჭიბონისა და ჯარას დამზადების, ხეზე კვეთის, თამბაქოს ჭრის, კალათებისა და ბადის ქსოვის მასტერკლასებს, ასევე მონაწილეობა მიიღონ ღვინის დაწურვისა და არაყის გამოხდის იმიტაციებში.
სადემონსტრაციოდ გამოფენილია მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის მარნების პროდუქცია, რაც მიზნად ისახავს ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას, პოპულარიზაციას. გამოვლინდა 22 ,,საუკეთესო მეღვინე“, რომლებიც სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გამოფენა - გაყიდვაში მონაწილეობს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა - KTW", ხილის საწარმო ,,ნენა", სიგარების საწარმო ,,იმერი" და ჩირის საწარმო ,,კერკი“.
მოწყობილია ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და წითელი ჯვრის კუთხეები.
ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, მოწვეული ბენდები ,,გოგლაურა“ და ,,სისაიდი“ აფორმებენ.
,,შემოდგომა ქედაში“ არის დღე სტუმართმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის. შესაბამისად, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩევა.

დამსახურებული მოღვაწე და საპატიო ქედელი
  1. რევაზ აბულაძე - „დამსახურებული მოღვაწე“;
  2. ვალერიან ალიქაძე - „საპატიო ქედელი“;
  3. იაშა შერვაშიძე - „საპატიო ქედელი“;
  4. რევაზ დიასამიძე) - „დამსახურებული მოღვაწე“;
  5. ეთერ გოგიტიძე - „დამსახურებული მოღვაწე“;
  6. არჩილ ფარტენაძე - „საპატიო ქედელი“;
  7. გოჩა ბერიძე - „დამსახურებული მოღვაწე“;
  8. ნოდარ კახიძე - „დამსახურებული მოღვაწე“;
  9. იაშა თედორაძე - „ქედის კოლორიტი“.