სოფ. ძენწმანში მდ.აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილება
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძენწმანში მდ. აჭარისწყლის ნაპირსამაგრი (ნაპირდაცვითი) სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ მდ. აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროს ეროზიული პროცესების შეკავების მიზნით ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება.
სკრინინგის განცხადების მიხედვით, საპროექტო ნაგებობის გაანგარიშება განხორციელდა მდ. აჭარისწყლის ჰიდროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მდ. აჭარისწყლის 1%-იანი უზრუნველყოფის წყლის მაქსიმალური ხარჯი შეადგენს 886 მ 3 /წმ-ს. კალაპოტის ზოგადი გარეცხვის საშუალო სიღრმე 4,225 მეტრის ტოლია, ხოლო კალაპოტის ზოგადი გარეცხვის მაქსიმალური სიღრმე - 6,75 მეტრია.
ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები შესრულდება წყალმცირობის პერიოდში. საპროექტო მონაკვეთში მდ. აჭარისწყალს გააჩნია ფართო კალაპოტი. საჭიროების შემთხვევაში, ზედა დინებაში დროებითი მიწაყრილის მოწყობით, შესაძლებელი იქნება წყლის ნაკადის არიდება სამუშაო უბნისგან. საპროექტო უბნისგან წყლის ნაკადის არიდების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ დაიწყება ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობა. საპროექტო ტერიტორიაზე, თავდაპირველად, განხორციელდება საძირკვლის გრუნტის დამუშავება, ქვაბულის კედლების გამაგრება ლითონის ფარებით, ტრანშეადან წყლის ამოტუმბვა, ქვიშა-ხრეშოვანი საგების განთავსება და მასზე მონოლითური რკინაბეტონის კედლის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოების შემდგომ ეტაპზე მოეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი. სამუშაოების ბოლო ეტაპზე მოხდება ადგილზე დაყრილი დრენირებადი გრუნტის უკუყრა და სადეფორმაციო ნაკერის მოწყობა. სკრინინგის განცხადების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო ბანაკის მოწყობა დაგეგმილი არ არის. პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებულია 5 თვე. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული იქნება დაახლოებით 10-20 ადამიანი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ დემობილიზებული იქნება ყველა დროებითი კონსტრუქცია, ტერიტორია დასუფთავდება, გატანილი იქნება ნარჩენები და გაყვანილი იქნება ტექნიკა/სატრანსპორტო საშუალებები.
გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, მუდმივად გაკონტროლდება პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული ტექნიკის გამართულობა, შეიზღუდება მანქანადანადგარების უქმ რეჟიმში ექსპლუატაცია და ინერტული მასალების ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის სიმაღლეები.
პროექტის განხორციელებისას წყლის გამოყენება დაგეგმილია მხოლოდ სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით. ტექნიკური დანიშნულებით წყლის მოხმარება დაგეგმილი არ არის და, შესაბამისად, ჩამდინარე წყლების წარმოქმნას ადგილი არ ექნება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოხდება ადგილობრივ ნაგავსაყრელზე, ხოლო სახიფათო ნარჩენები შეგროვდება სპეციალურ სათავსოში და შემდგომი მართვის მიზნით გადაეცემა შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიას.
ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების შემდგომ შემცირდება ეროზიული პროცესებით გამოწვეული წყლის სიმღვრივის მატების რისკები, რაც დადებითად აისახება იქტიოფაუნაზე.
მდ. აჭარისწყლის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს გარემოსდაცვით ღონისძიებას, რაც უზრუნველყოფს მდინარის სანაპირო ზოლის დაცვას ეროზიული ზემოქმედებისგან. დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკისა და მასშტაბის გათვალისწინებით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |