მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქედაში ქალებისთვის ბიზნესზე ფიქრი უფრო მარტივი გახდა

ქედის მკვიდრი, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტი ილონა შავლიძე გვეუბნება, რომ ქედის საკრებულოს 24 დეპუტატიდან სამი ქალია.

მისივე თქმით, ეს სურათიც საკმარისია დავასკვნათ, თუ რამდენად ნაკლებად არიან ქალები პოლიტიკაში ჩართული:

„ეს ციფრიც ალბათ კვოტირების (საარჩევნო) სისტემამ მოგვცა, რომელიც საკრებულოს პროპორციულ სიაში ყოველ მესამე კანდიდატად ქალის დასახელებას გულისხმობდა. ის ფაქტი, რომ ადგილზე მაჟორიტარი ქალი საერთოდ არაა, ჩემს არგუმენტს მხოლოდ ამყარებს“.

ილონას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში ცხრა სხვადასხვა სამსახურის უფროსის პოზიციაა. მისივე თქმით, მათგან სამსახურის უფროსი ქალი მხოლოდ ერთ - განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული:

„ვფიქრობ, რომ თუნდაც ასეთი პრეცედენტები გვაძლევენ კარგ მაგალითებს იმისა, რომ სამომავლოდ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. მანამდე, ნაკლებად ვხედავთ ქალებს სხვა მაღალ თანამდებობებზეც. მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ ა(ა)იპებისა და შპს-ების ხელმძღვანელებად მხოლოდ ორში, „ბაგა ბაღების გაერთიანებისა“ და „სახელოვნებო სკოლის“ ხელმძღვანელად ქალები არიან წარმოდგენილი“.

ჩვენი რესპონდენტის შეფასებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები სათავეს იმ სტერეოტიპებიდან იღებს, რომელიც უძველესი დროიდან დამკვიდრდა და აქამდე ვერ მოვიშორეთ:

„მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და დღემდე სოფლებში გადაღებებზე გასვლისას ქალები კამერებს გაურბიან. არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის მიზნით, კარდაკარ სიარულსაც ითვალისწინებდა - ოჯახში მისულს კი ქალები ხშირად მეუბნებოდნენ: „მე არა, ჩემს ქმარს დავუძახებ“ ან „ოჯახის უფროსს დავუძახებ და იმას უთხარი“ და ა.შ. სამწუხაროდ, დღემდე ჭარბობს ისეთი სტიგმა, რომლის მიხედვითაც ოჯახში ერთადერთი „დომინანტი“ კაცია. ქალი კი, მითუმეტეს მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ითვლება ოჯახის დიასახლისად, ქალი არის შვილების აღმზრდელი...“

მისივე დაკვირვებით, ის ქალები, რომლებიც მუშაობას სკოლებსა თუ ბაღებში ახერხებენ, საკმაოდ შრომატევადი საქმე უწევთ:

„მათ ოჯახში საოჯახოს გარდა უამრავი საქმე უნდა მოასწრონ, რომელიც საქონლის მოვლას, საკარმიდამო ნაკვეთში თამბაქოსა თუ ბოსტნეულის მოყვანას გულისხმობს. ზაფხულობით კი ზოგიერთ ოჯახს, ოთხი თვის განმავლობაში, საქონელი მთაში მიჰყავს, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებენ. ამდენი საოჯახო თუ საკარმიდამო საქმე კი მათ უბრალოდ დასაქმების, მით უმეტეს კი პოლიტიკაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს“.

ილონა გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში განათლებამიღებული ქალებისთვის კარიერის შესაქმნელად მთავარი დაბრკოლება ტრანსპორტირებაც არის, რადგან სოფლებიდან მიკროავტობუსი ყოველდღიურად არ გადაადგილდება:

„თუ გადაადგილდება ისიც იმ დროს, როცა ადგილობრივებს დილის 7 საათზე მოწეული მოსავალი ბათუმის აგრარულ ბაზარში ჩააქვს და უკან საღამოს საათებში ბრუნდება“.

ამ ფონზე, იმასაც ფიქრობს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ქალებისთვის მარტივი გახდა უფრო ბიზნესზე ფიქრი, ვიდრე პოლიტიკურ კარიერაზე. მისივე თქმით, მოწეულ პროდუქციას თუ თავიანთი ხელსაქმით შექმნილ სხვადასხვა ნაკეთობებს რეალიზაციას უკეთებენ - რაც მათთვის უკვე შემოსავლის წყაროა:

„ქედაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, პარალელურად მატულობს საოჯახო სასტუმროები და მარნები, რომელსაც ხშირად ქალი უძღვება. ქედის მერიას უკვე აქვს პროგრამა „ქალთა მეწარმეობის განვითარება“, რომელიც ქალთა ბიზნესში ჩართვას და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქედის მერიაში მუშაობს „ქალთა ოთახი“, რომელიც არაერთ ტრენინგს ატარებს გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა თუ სხვადასხვა თემებზე. მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების სწრაფვა ნელ-ნელა მიგვიყვანს იქამდე, რომ საზოგადოება გაითავისებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და საბოლოოდ დაასამარებს გენდერულ უთანასწორობას“.

ილონა ასევე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობს. მისივე თქმით, რადგან ქედის მერიამ აამოქმედა ახალი პროგრამა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ე.ი ასეთი შემთხვევები (სამწუხაროდ) არსებობს.

„მუნიციპალიტეტში „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის მხარდამჭერი მუნიციპალური ორკომპონენტიანი პროგრამა წელს ამოქმედდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მხარდაჭერით ახორციელებს; რომლის მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პროგრამა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას ითვალისწინებს. ასევე, ცნობიერების ამაღლებას ტრენინგ-სემინარების საშუალებით“ - დასძენს ილონა შავლიძე.

ქედაში არსებული პრობლემები ბევრი მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელია. კარგია, რომ ნელ-ნელა განვითარების მცირე „ოაზისები“ (საარჩევნო კვოტირება, ქალთა მეწარმეობის განვითარება, ქალთა ოთახი, ძალადობის მსხვერპლებისთვის პროგრამა) ჩნდება. ამ პროცესს სხვადასხვა აქტორების (მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია) მხრიდან მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს.

ბლოგი მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?