დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი №01-06/03 სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. დღის წესრიგით ოთხი საკითხი განიხილებოდა, მათ შორის 2020 წელს ქედის მუნიციპალიტეტის მერის გაწეული საქმიანობის ანგარიში. სხდომას მერთან და სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერს მიეცა თანხმობა პირდაპირი განკარგვის წესით, მისი არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 38 (ოცდათვრამეტი) ერთეული ქონების - ნაგავშემკრები კონტეინერის შპს ,,ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

საკრებულოს სხდომაზე მოისმინეს მუნიციპალიტეტის მერის, ლევან გორგილაძის 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მერმა ყურადღება გაამახვილა კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, მერიის საქმიანობის პრინციპებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, დანერგილ სიახლეებზე, როგორიცაა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ბიუჯეტის შესრულებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც პანდემიის მიუხედავად მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ასევე, ლევან გორგილაძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა, თუმცა დღის წესრიგში დგას.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2020 წლის წლიური შესრულების შესახებ და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ანგარიშები.