დღეს, ქედაში მუნიციპალიტეტის პირველ პირთან დავით დუმბაძესთან და ქედის სარაგბო კლუბ ,,ფირალები"-ს დირექტორთან კახა ხაბაზთან, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა გაიოზ ბონიავამ, რაგბის გამგეობის წევრმა გიორგი კობახიძემ და საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორმა ზაზა ლეჟავამ შეხვედრა გამართეს. ,,სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ ქედის სარაგბო კლუბის მიღწევებით, მეორე ლიგაში გუნდს ამ დრომდე წაგება არ აქვს და დიდი ალბათობით პირველ ლიგაში გადაინაცვლებს. მიხარია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აქვს მზაობა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ,,ფირალებს" და ასევე სამომავლოდ, სკოლებში გადავამზადოთ სპორტის პედაგოგები, რათა ბავშვებში გავზარდოთ ინტერესი რაგბის მიმართ და შევქმნათ ახალგაზრდული ბაზა" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბატონმა გოჩამ. დავით დუმბაძე და რაგბის საზოგადოების წევრები ქედაში სტადიონის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ასევე ორივე მხარემ მზაობა გამოთქვეს გუნდის მატერიალურ-ტექნიკური და მორალური მხარდაჭერისთვის. ქედის სარაგბო კლუბი 60 % ადგილობრივი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული და გუნდი პირველი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად წაუგებელი სერიით, ღირსეულად იბრძვის.