2022 წლის 17 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/12 რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

ცვლილება შევიდა „ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1,152,200 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტით მოხდება როგორც ახალი ღონისძიებების დაფინანსება, ასევე, თანხის დამატება მიმდინარე პროექტებისათვის, მათ შორის, თამარ მეფის ქუჩის ტერიტორიის მოწყობა, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ფანჩატურების მშენებლობა, სოფელ გარეტყეში სოფლის სახლის მშენებლობისთვის და ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლის პროგრამისთვის თანხის შევსება და სხვა.

ასევე, ცვლილება შევიდა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტიდან მოხდება საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისათვის (გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) შრომის ანაზღაურების ცვლილება.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებით ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა შპს ,,ქედის ისტორიულ მუზეუმს“ სარგებლობის უფლებით გადასცეს მოძრავი ქონება, კერძოდ, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმისათვის შეძენილი აპარატურა (კინოთეატრი), სხვადასხვა დასახელების მოწყობილობები და აქსესუარები, ხოლო შპს ,,ქედის კომუნალურსერვისს“, სარგებლობის უფლებით, მისი არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული 33 (ოცდაცამეტი) ერთეული მოძრავი ქონება - პლასტმასის ნაგავშემკრები ბორბლებიანი კონტეინერი.