ქედაში დღეს აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორმა ირინა მანიამ, ტრადიციული რეწვის ოსტატებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და პოტენციურ ბენეფიციარებს საკონკურსო განაცხადის ფორმა და პირობები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეწვის სახელოსნოების კონკურსი გამოცხადდა. პროექტს „ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - ა(ა)იპ „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ - განახორციელებს. „აჭარაში რეწვის ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, ახალი თაობის ტრადიციული რეწვით დაინტერესებისა და აღნიშნულ სფეროში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, სამინისტრო ახორციელებს წარმოდგენილ პროექტს, რომელიც ორიენტირებულია დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი დარგების შენარჩუნებასა და განვითარებაზე. კონკურსის ფარგლებში აჭარის რეგიონში დაფინანსდება არანაკლებ 5 სახელოსნო. საპროექტო განაცხადებს შორის უპირატესობა მიენიჭებათ სახელოსნოებს, რომელთა მიერ შექმნილ ნამუშევრებს ამავდროულად გააჩნია საბაზრო პოტენციალი“ -აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორის, ირინა მანიას განმარტებით, პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩევა და კონსულტაცია/მონიტორინგი გაეწევა ტრადიციული რეწვის არანაკლებ 5 სახელოსნოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, თითოეულ სახელოსნოში ჩატარდება ტრადიციული რეწვის საშუალოდ 45 სასწავლო საათი. აღნიშნული სახელოსნოების ოსტატებისთვის გაიმართება არანაკლებ 5 ტრენინგი და მომზადდება არანაკლებ 25 შეგირდი.