ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მიკროავტობუსის იდეის ავტორი, საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე ესწრებოდნენ.

იაპონიის საელჩომ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ელექტრო მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტს დღეს ოფიციალურად გადასცა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა სერვისებზე, პროდუქტებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ეკო-ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი ხელშეუწყობს, ჰაერის დაბინძურების და მავნე სათბური გაზების ემისიების შემცირებას. გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარს შეადგენს.
შეხვედრის დასასრულს მერმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს იმამურა აკირას თანამშრომლობისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.