ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურებთან ერთად, დღეს აწჰესის მოსახლეობას აწჰესის განვითარების გენერალური გეგმა წარუდგინა და საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად საჯაროდ განიხილეს. პროექტი ქედის გამგეობამ ,,არქ-პროექტს" 55 000 ლარად დაუკვეთა. კემპინგი, ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორია, დაბის პარკის, სკვერების, ფასადების კეთილმოწყობა, სასტუმროების, საკონცერტო სცენის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გეგმებისა, დღეს ადგილობრივებმა ტრიდე ფორმატში რომ იხილეს. აწჰესი, სადაც ერთადაა თავმოყრილი როგორც კულტურული, ასვევე ბუნებრიუვი ძეგლები, ტურიზმის განვითარების კუთხით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი პრიორიტეტია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციის გამართვა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სხვადასხვა წინა მოსამზადებელი და კეთილმოწყობითი სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გაწეული სამუშაოების შედეგმაც არ დააყოვნა და გასულ წელს აქ უკვე ვიზიტორთა რიცხვი 99%-ით გაიზარდა. მოსახლეობაში გენერალურმა გეგმამ დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, გარდა ინვესტორების მიერ გასაწევი ინვესტიციებისა, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 700 000 ლარზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია. აწჰესის განვითარების გეგმა 2018 წლისთვის დასრულდება.