2021 წლის 29 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/17 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 20 ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდა ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა - „ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. კენჭისყრის პროცედურამდე განცხადება გააკეთეს და საკითხის მხარდაჭერაზე უარი თქვეს საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს წევრებმა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ასევე სხდომა დატოვა საკრებულოს წევრმა ჯემალ დავითაძემ (პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის“).

2022 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 18 989 575 ლარით განისაზღვრა, რაც ქედის მუნიციპალიტეტისათვის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტია. პანდემიური მდგომარეობის გთვალისწინებით, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იქნება უფრო მოქნილი როგორც სოციალური პროგრამების კუთხით, ასევე მმართველობის ფორმით.
2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. საკითხს მხარიდაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 და მე-3 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ და „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტები. საკითხს მხარიდაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ.

სხდომაზე მე-4 საკითხად განხილულ და მიღებული გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალთა ოთახების გაერთიანება“-ს (ს/კ:448057094) წევრი გახდა. ,,ქალთა ოთახების გაერთიანება“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ს/ნ 448057094), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, 32 თვითმმართველ ერთეულში არსებული 32 მუნიციპალური „ქალთა ოთახის“ გაძლიერება, მათი კოორდინირებული მუშაობის და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხზე, დამსწრეთა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 (ერთი) ერთეული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით თხოვების უფლებით შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო“-სათვის გადაცემაზე. მიღებული გადაწყვეტილებით დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლის სამედიცინო ამბულატორიას გადაეცემა ავტომობილი, შესაბამისად ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო პერსონალის ოჯახში მისვლით და ამბულატორიული მომსახურებით.

სხდომის დასრულებისას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ სხდომაზე დამსწრეთ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.