ქედაში ახალი, უპრეცენდენტო სერვისი - ,,ველოსიპედისტთა კლუბი" უკვე ამოქმედდა. კლუბის წევრებმა დღეს პირველი სატესტო მსვლელობა მოაწყვეს დაბა ქედაში - სტარტი თამარის ქუჩიდან აიღეს და აბუსერისძის, 26 მაისისა და კოსტავას ქუჩების გავლით დაასრულეს. 12 ველოსიპედი ქედის გამგეობის ეზოში განთავსდა. კლუბის წევრებს გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე შეხვდა და გაესაუბრა. ,,მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლის დენიელ სპარკმანის ინიციატივას, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა და ქედის გამგეობამ აქტიურად დაუჭირა მხარი და დღეს მივიღეთ არაჩვეულებრივი, უპრეცენდენტო სიახლე, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა და მეტიც, აღნიშნული სერვისით ქედაში მყოფ ტურისტს უკვე შესაძლებლობა ექნება მოინახულოს სოფლის ღირსშესანიშნაობები და ისიამოვნოს იმ ბუნებრივი პოტენციალით, ქედის მუნიციპალიტეტში ასე უხვად რომაა" - განაცხადა მამუკა ფარტენაძემ და 15 მაისს, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ველომარათონის ორგანიზება დააანონსა. ,,მე კლუბის ყველაზე პატარა წევრი ვარ. მიხარია რომ ქედაში ველოკლუბი ჩამოყალიბდა და შესაძლებლობა მომეცა მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო სპორტის ამ სახეობისგან. მადლობა პროექტის ავტორებს" - აღნიშნა კლუბის წევრმა გიგი მახარაძემ. სატესტო მსვლელობას კოორდინაციას თავად იდეის ავტორი უწევდა, ხოლო ორგანიზებას ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი დავით ანანიძე და ცენტრის წარმომადგენები.