28 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის ბოლო, რიგგარეშე №01-06/18 სხდომა გაიმართა, რომელზეც 2021 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა. ბიუჯეტის გარდა, საკრებულომ კიდევ 5 საკითხზე იმსჯელა. სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის მერი და მერის პირველი მოადგილე ესწრებოდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 12 მილიონ 756 500 ლარით განისაზღვრა. პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იქნება უფრო მოქნილი სოციალური პროგრამების კუთხით. დაემატა 3 ახალი სოციალური პროგრამა, 2021 წელს, პირველად, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, ხალხის მიერ არჩეული 5 პროექტი განხორციელდება.

2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, ტურიზმი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მოქალაქეთა მონაწილეობაბის ზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამართლებრივი დასკვნის შესაბამისად, ცვლილება შევიდა „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამართლებრივი დასკვნის გათვალისწინებით, „ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს №20 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა და აღნიშნული საკითხი, კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (განკარგულება) მოწესრიგდა.

ცვლილება შევიდა „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაშიც.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს და მოიწონეს „დაბის ტერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის განთავსების შესახებ“ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიცია. პეტიციის ავტორს, მოქალაქე ბესიკ ბერიძეს, ეთხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხელმძღვანელოს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ნოემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.