ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი ,,ექო თოფუზი" ქედის კულტურის ცენტრში, დღეს ხატვით გაიხსნა. მანამ, სანამ 35 -მდე ქედაში მცხოვრები მოზარდი, მუსიკის თანხლებით, საყვარელი მულტფილმის გმირებს დახატავდა, ,,ანიმაციის განვითარების ფონდის" წარმომადგენლებმა ერთგვარი ვორქშოპი გამართეს და ბავშვებს ფილმის წარმოების ყველა ეტაპი, ანიმაციის ტექნოლოგიები და ის კომპიუტერული პროგრამები, რომლის საშუალებითა ფილმზე მუშაობა ხდება, დეტალურად გააცნეს. ხატვის პროცესმა მონაწილეები დააინტერესა და ფილმზე მუშაობის სიხარულმა უფრო მეტი სტიმული მიანიჭა. შექმნილ ანიმაციურ ფილმს პატარები მაყურებელს ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ. როგორც ცნობილია, ფესტივალი მოიცავს გასართობ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მისი მიზანია ქართული ანიმაციის პოპულარიზაცია, ბავშვებისა და მოზარდბის ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. ფინანსური მხარდამჭერი კი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაა, რომლის ბიუჯეტი 2 700 ლარს შეადგენს. ,,ექო თოფუზი" ხვალაც გაგრძელდება. 14 საათზე, ქედის კულტურის ცენტრში მოზარდებს წინ მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ!