მახუნცეთში, სადაც ერთადაა თავმოყრილი ბუნებრივი და კულტურული ძეგლები, წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. გამგეობის გენგეგმის მიხედვით, უკვე დაიწყო ტურუსტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სწორედ ამ ლოკაციის - ჩანჩქერისა და სკვერის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციას შეუერთდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე. პარალელურად, ახალგაზრდობის ცენტრის წევრებმა საინფორმაციო ფლაერები მოსახლეობაში დაარიგეს. მთავრობის თავმჯდომარეს სპეცტექნიკისა და ყველა სოფელში განთავსებული ურნების შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გააცნო. ,,დღეს სრულად დასრულდა ყველა სოფელში ნაგვის კონტეინერების განთავსების პროცესი, ბოლო 49 ურნა პირველი მაისის, ცხმორისისა და დანდალოს სოფლებში დავარიგეთ. ამჟამად ჯამში 300-ზე მეტია განთავსებული მთლიან მუნიციპალიტეტში. უპრეცენდენტოა, ყველა სოფლიდან იზიდება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეს ქედის ისტორიის მანძილზე პირველად ხდება!" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. თვითმმართველობამ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი წელს, იანვრის თვეში, სპეცავტომობილი და დამატებით 49 კონტეინერი 271 722 ლარად, სესხის სახით შეიძინა. ავტომობილი ქედის კომუნალურსერვისს გადაეცა მფლობელობაში, ხოლო ახლი სერვისი 5 ახალი სამუშაოს შექმნის საფუძველი გახდა. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დასუფთავების აქციას დღეს 500 ქედელი შეუერთდა.