
2023 წლის 1 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/03 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 15 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული დაბა ქედაში, შ. რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ 3450 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №21.03.33.500) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით. რომელზეც სამინისტროს მიერ განხორციელდება პოლიციის მუნიციპალური განყოფილებისათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა-ნაგებობის აშენება.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „„ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, რომელზეც ადმინისტრაციულ წარმოებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განახორციელებს. დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 7 მარტის 18:00 საათამდე. ზეპირი მოსმენის თარიღად 2023 წლის 9 მარტი იქნა განსაზღვრული, ხოლო აქტის გამოცემის თარიღად კი 2023 წლის 10 მარტი.